ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი 2 ზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება
6 მაისი 2021
„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორ ზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს შემოდგომაზე გაიხსნება. ეს არის პირველი შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად გვაქვს რიკოთის საუღელტეხილონ მონაკვეთის მშენებლობაზე,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს 67 ხიდზე - 96 ხიდიდან და 43 გვირაბზე - 53 გვირაბიდან. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამჟამად უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოსახვის (მოპირკეთების) სამუშაოები. ხიდებზე კი, დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით გამონოლითების პროცესი, რის შემდეგაც უკვე გზის საფარი მოეწყობა.
„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას ყველაზე გამომწვევი და ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია და შარშან გახსნილ ჩქაროსნული მაგისტრალის 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაგვაზოგინა, წელს დაემატება რიკოთის 2.5 კმ-იანი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი. ხოლო 37 ხიდიდან სამუშაოები 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონის კოჭების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)