ქვეშეთი–კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა
17 ნოემბერი 2026
ხადის ხეობაში ხიდის თაღის ორი ნაწილი შეერთდა. ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან კი — 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
მომდევნო ეტაპზე თაღზე ბურჯები მოეწყობა, შემდეგ კი აშენდება მალის ნაშენი — კონსტრუქცია, რომელზეც გზა გაივლის.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ბეარმან ლამთან, ბანკის მისიის წევრებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ხიდი ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი ახალი გზის ნაწილია. ჯვრის უღელტეხილის ქვეშ უკვე დასრულდა 9-კილომეტრიანი ძირითადი და იმავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემები ეწყობა.
ახალი გზა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს. ხადის ხეობის სოფლების მოსახლეობას ზამთარშიც უფრო საიმედო საგზაო კავშირი ექნება, სატრანზიტო ტრანსპორტი კი გუდაურის საკურორტო ზონას გვერდს აუვლის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)